суббота, 29 марта 2014 г.

წერილობითი ცნობები
საქართველოში ღვინოს არსებობაზე წერილობითი ცნობები დაცულია ბერძნულ, სპარსულ და ქართულ წყაროებში.
ქსენოფონტე (ძვ. წ. V ს.) წერს, რომ კოლხების ღვინო ”სურნელოვანი და საამო” იყო.
სტრაბონის (ძვ. წ. I ს.) ცნობით, იბერიაში ყურძენი ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ვაზის ისეთი მოსავალი მოდიოდა, მოსახლეობას მისი სრულიად მოხმარება არ შეეძლოო.
პროკოფი კესარიელი (VI) გვიამბობს: : ”მესხები შრომის მოყვარენი არიან, მათ ბევრი ვენახი აქვთ და თავიანთი ღვინო მიაქვთ სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად”. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობაა, ვინაიდან ცხადი ხდება, რომ ძველ მესხებს ცხოველი სავაჭრო ურთიერთობა ქონდათ დამყარებული მეზობელი ქვეყნებთან და ადგილობრივი პროდუქტი ექსპორტზე იგზავნებოდა. გარდა ამისა, გემო ერთ-ერთი ყველაზე რთული გადასაადგილებელი პროდუქტია და, თუ სათანადოდ არ მოეპყარი მას, გაგიფუჭდება. აქედან გამომდინარე, გაკვირვებას აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში თერმოსის ტიპის ქვევრები არსებობდა და შესაძლოა მათი მეშვეობითაც ხდებოდა მსგავსი ტიპის ექსპორტიზაციაც.
ქართველების ვაზისადმი სიყვარული მტრისთვისაც იმდენად კარგად იყო ცნობილი, რომ თემურ-ლენგმა საქართველოში თავისი მეხუთე ლაშქრობის დროს, ვაზის ამოძირკვა მთლიანად ერის განადგურებასთან გააიგივა. ამიტომ აწარმოა ”ეკონომიკური ომი” საქართველოსთან და კახეთში ვაზი თავის ჯარს მთლიანად გააჩეხინა, თუმცა მიზანი განუხორციელებელი დარჩა და უდიდესი ზიანის მიუხედავად, ქართველმა გლეხმა არა თუ აღადგინა ვაზის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ ყველა ვაზის ჯიშის გადარჩენაც შესძლო.
მრავლის მეტყველელია ის ფაქტიც, რომ შაჰ-აბასის დროს კახეთიდან ირანში ღვინო ხარკის სახით გაჰქონდათ, ეს იყო უპრეცენდენტო მოვლენა იმ ეპოქისთვის და შაჰის კარზე ქართლ-კახურ ღვინო ”ედემის სითხედ” იწოდებოდა.

понедельник, 24 марта 2014 г.

ძელშავი
აბორიგენული, ფერადყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. ცუდად იტანს სოკოვან დაავადებებს. აქვს საშუალო ან საშუალოზე დიდი, განიერ-კონუსური მოყვანილობის მტევანი და მსხვილი, მომრგვალო ფორმის, შავ-წითელი ელფერის მქონე მარცვალი. პროდუქტიულობა 80-140ც/ჰა-ზე. ძველშავისგან ამზადებენ ორიგინალურ ღვინოს ,,ძველშავს’’, გამოიყენება როგორც ძირითადი საკუპაჟე მასალა ცქრიალა, სუფრის და სადესერტო, წითელი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად. ამას გარდა, მისი და კაბერნეს ფრანგული ჯიშის დამატებით მიიღება შესანიშნავი შუშხუნა ღვინო.

среда, 12 марта 2014 г.

სადღეგრძელო
მიწა–წყალი დაგელოცოთ ედემ –ბაღის მსგავსი, 
ოთხივ კუთხით მცველად გედგეთ ქერუბიმთა დასი. 
დილა–აისს გიმშვებნებდეთ მონათება მზისა, 
მუდამ გეგრძნოთ მფარველობა ანგელოზის ფრთისა.
მოგიშენდეთ მონაგარი, შვილი–შვილთა –შვილი,
მამულებში გაგიმძლავრდეთ ვაზის ჭიგო–ძირი.
პაპა თლიდეს ჩვილის აკვანს ბედნიერი სახით, 
წინაპარები გაგიხაროთ მომავალის ნახვით.
თქვენს მარანში ჭურებს ხეთქდეს მაჭარი და ღვინო,
მოხუცები და ჩვილები სულ გიმრავლოთ შინო.
არასოდეს მოგიშალოთ სტუმრიანი ღამე, 
აივნებზე მცველად გადგეთ ავსებული მთვარე.
ყველა წელი შვილთასხმისა მოგცეთ, ტკბილზე ტკბილი, 
ცხრა თვის მუცელს აწყდებოდეს ჩითის კაბის ღილი.
კაცი მუდამ დადიოდეს ქუდით ნამუსისა, 
სანთელი და საკმეველი მეკვლედ გქონდეთ გზისა.
ხვავ–ბარაქით ავსებილი ღია გქონდეთ კარი, 
სულ პირნათლად მიგეტანოთ მამულისთვის ვალი.
იმრავლეთ და ივაჟკაცეთ, იქართველეთ ხალხო, 
თუ გინდათ მომავალი ბედნიერი ნახოთ.
ფეხზე დავდგეთ და ვადიდოთ ღმერთი ყოფის არსი, 
მაღლა ასწით გენაცვალეთ ავსებული თასი, 
სულიწმიდა თუ არ ვიხმეთ, მაშ ქართველნო სხვა ვინ?!
იდღეგრძელეთ, იდღეგრძელეთ, იდღეგრძელეთ_ ამინ!