სადღეგრძელო
მიწა–წყალი დაგელოცოთ ედემ –ბაღის მსგავსი,
ოთხივ კუთხით მცველად გედგეთ ქერუბიმთა დასი.
დილა–აისს გიმშვებნებდეთ მონათება მზისა,
მუდამ გეგრძნოთ მფარველობა ანგელოზის ფრთისა.
მოგიშენდეთ მონაგარი, შვილი–შვილთა –შვილი,
მამულებში გაგიმძლავრდეთ ვაზის ჭიგო–ძირი.
პაპა თლიდეს ჩვილის აკვანს ბედნიერი სახით,
წინაპარები გაგიხაროთ მომავალის ნახვით.
თქვენს მარანში ჭურებს ხეთქდეს მაჭარი და ღვინო,
მოხუცები და ჩვილები სულ გიმრავლოთ შინო.
არასოდეს მოგიშალოთ სტუმრიანი ღამე,
აივნებზე მცველად გადგეთ ავსებული მთვარე.
ყველა წელი შვილთასხმისა მოგცეთ, ტკბილზე ტკბილი,
ცხრა თვის მუცელს აწყდებოდეს ჩითის კაბის ღილი.
კაცი მუდამ დადიოდეს ქუდით ნამუსისა,
სანთელი და საკმეველი მეკვლედ გქონდეთ გზისა.
ხვავ–ბარაქით ავსებილი ღია გქონდეთ კარი,
სულ პირნათლად მიგეტანოთ მამულისთვის ვალი.
იმრავლეთ და ივაჟკაცეთ, იქართველეთ ხალხო,
თუ გინდათ მომავალი ბედნიერი ნახოთ.
ფეხზე დავდგეთ და ვადიდოთ ღმერთი ყოფის არსი,
მაღლა ასწით გენაცვალეთ ავსებული თასი,
სულიწმიდა თუ არ ვიხმეთ, მაშ ქართველნო სხვა ვინ?!
იდღეგრძელეთ, იდღეგრძელეთ, იდღეგრძელეთ_ ამინ!
Комментариев нет:
Отправить комментарий